top of page
საბა ბასილაძე

პოზიტივიზმი და „ზნეობრივი კანონი“


პოზიტიური სამართლისა და ბუნებით-სამართლებრივი ცნების კრიტიკული ანალიზი.


პოზიტიური სამართალი არის განსაკუთრებული უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი, შესასრულებლად სავალდებულო, ნორმათა ერთობლიობა. მისი ქმედითობა არაა დამოკიდებული იმაზე, საზოგადოება ითვალისწინებს მას ნებით თუ იძულებით, რისი უფლებაც სამართალდამცავებს აუცილებლად აქვთ. „თემიდას ცალ ხელში ხმალი, რომ არ სჭეროდა, ორივე თეფშს თავზე გადაამტვრევდნენ“. ჰანს კელზენის სამართლის წმინდა თეორიის მიზანი სამართლის ცნების არაიურიდიული დეტალებისგან გაწმენდა იყო. იგი ერთადერთ სამართლად პოზიტიურს აღიარებდა და წმინდა თეორიით განასხვავებდა იმას, „რაც არის“ და „რაც უნდა იყოს“, არსსა და ჯერარსს. ის სამართლის მოქმედების მთავარ იარაღად სამართლებრივ ნორმას ასახელებდა, იმპერატიულად დადგენილ, შესასრულებლად სავალდებულო, ქცევის წესს, რომლის იძულებასაც სახელმწიფო კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა ახორციელებდეს.

ესაა მშრალი, რადიკალური და პრაქტიკული მიდგომა სამართრთალწამოებისა, ყველანაირი მეტასამართლებრივი ასპექტების გარეშე (რაც ბუნებითს ახასიათებს). ამ გარემოებას ხაზს უსვამს რადბრუხის ფორმულად, რომელიც მოგვიანებით თავადვე შეამსუბუქა, თუმცა სიტყვებში ავტორისეული ჭეშმარიტება და სულისკვეთება თავს იჩენს: შემფარდებლისთვის, პრიორიტეტულია, დავა სწრაფად და უმტკიევნეულოდ დასრულდეს, ვიდრე სამართლიანად. პოზტიური სამართლის, როგორც მოქმედი სამართლის, მიზნისთვის სტაბილურობა ხშირად გაცილებით მნიშნელოვანია, ვიდრე სამართლიანობა. ბუნებითი სამართალი კი თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას ყველანაირ სტაბილურობაზე, სახელმწიფოებრიობასა და უმრავლესობის კეთილდღეობაზე წინ აყენებს. მისთვის მიუღებელია ერთის გაწირვა მილიარდის სასიკეთოდ. სამართლიანობაც აბსტრაქტული ცნებაა და უამრავი სხვადასხვა გაგება თუ თეორია არსებობს მის შესახებ (პროცედურული, როულზის, უტილისტური...).

პოზიტიური სამართლის მთავარი ნაკლოვანება იმაშია, რომ ის სამართალშემოქმედებაზე სახელმწიფოს მონოპოლიას აღიარებს. გვერდს უვლის ბუნებით გონს და საზოგადოების აზრს. ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულოა. პოზიტივიზმი ხშირად „კანონიერი უსამართლობის“ წამახალისებელ ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს. თუ კი იმპერატიული ნორმა შეიცავს რასისტულ, ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, ანტიდემოკრატიულ იდეებს, მისი მოქმედება იქნება უსამართლო, ამორალური, მიუღებელი, თუმცა კანონიერი. ასე იდგამს ფესვებს კანონიერი უსამართლობა, რომელიც კანონის ძალით კონკრეტული პირის თუ პირთა ჯგუფის ინტერესზე მორგებულ იდეას უზენაეს მისწრაფებად აქცევს.

კაცობრიობამ სამართლაწარმოების ისეთი სისტემა უნდა შექმნას, სადაც მართებული, დრეკადი და მტკიცე ჩარჩოებით შეძლებს „არა კანონის, არამედ სამართლიანობის უზენაესობისთვის“ ბრძლოას. დრეკადი, რადგან ერთი ქმედება ერთ სოციუმში შეიძლება სამართლიანი იყოს, მეორეში კი არა. ერთ ეპოქაში დანაშაული იყოს, საუკუნის შემდეგ კი იმავე სოციუმში სამართალსწარმოების განვითარების უალტერნატივო გზა. გიორგი ბრწყინვალემ კანონთა კრებული „ძეგლისდება“ დაუწერა მთიულებს, საიდანაც „თვითგასწორების“, შურისძიების ამოღება ვერ გაბედა, რადგან აღნიშნული მათ ჩვეულებაში იმდენად ღრმად იყო გამჯდარი, რომ კონკრეტულ სოციუმში, კონკრეტულ დროს შეუსაბამოდ დახვეწილი პოზიტიური კანონი ხალხის ბუნებით გონს შეეწინააღმდეგებოდა და მათში ლეგიტიმურ წინააღმდეგობას გამოიწვევდა. დღეისთვის და იმ დროის სხვა ქვეყნებისთისაც სამართლიანი კანონი, მათთვის კანონიერი უსამართლობა იქნებოდა.

ბუნებითი სამართალი არ არის მოქმედი სამართალი. ზეპოზიტიურია, წყაროდ კი ღვთის ნება, ბუნებითი გონი და მსგავსი აბსტრაჰირებული, სუბიექტური და განუსაზღვრელი ცნებები უდევს, რომელთა რაციონალური შესწავლა შეუძლებელია. ამიტომ რჩება ბუნებითი სამართალი მხოლოდ სამართლის წყაროდ და პოზიტიური სამართლის მორალური კუთხით შემვიწროებლად. პოზიტივიზმისგან განსხვავებით ის მორალს, სინდისს, ზნეობას სამართლისგან არ მიჯნავს. ბუნებითი სამართალი აყალიბებს იმ ჩარჩოებს, რომლის ფარგლების გარღვევითაც პოზიტიური სამართალი ზემოხსენებულ „კანონიერ უსამართლობას“ დაამყარებს. მაგალითად ფაშსტური გერმანია, საბჭოთა კავშირი და სხვა ავტოკრატიული სახელმწიფოები.

სამართლის ამგვარი გაგება საკმაოდ მიმზიდველი და თანამედროვე მსოფლმხედველობრივი ტენდენციებისთვის სავსებით შესაფერისია. მასში დაცულია სოლიდარობის, ტოლერანტობის, დემოკრატიის იდეები, თუმცა ბუნებითი სამართალი თავისი ირაციონალური ხასიათით ვერასდროს ჩამოყალიბდება პოზიტიურ, მოქმედ სამართლად. მათი მოძღვრებების ემპირიული შეფასება და შესწავლა შეუძლებელია, რადგან ინდივიდუალური და ცვალებადია. ერთ-ერთ თეორიაში მხოლოდ ბუნებითი სამართლის ცხრა სხვადასხვა დეფინიციაა. ყველას სამართალი სხვადასხვა გვარად ესმის, ბუნებითი სამართალი კი ყველას აღიარებას ქადაგებს. თუ მსგავს წყობას გავყვებით, თვითხელისუფალი ინდვიდებით მოცულ სოციუმამდე მივალთ, რაც ანარქიის წინაპირობაა. ე.ი თავისუფლებაც ლიმიტირებული უნდა იყოს.

ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თვითშეგნების, ინტელექტის მასობრივი ამაღლებაა, რაც იმდენად შორი პერსპექტივაა, რომ ოცნებას უფრო ჰგავს. განსაკუთრებით იმ პირობებში, სადაც ე.წ „შემოგდებული“ პროპაგანდისტული თემებით, პროვოკაციებით, უზნეობის ნორმალიზებით და გაბეცებული სოციუმის გულანთებულ ბრბოდ (ვითომ „თავისუფლებისთვის“ მებრძოლ რაზმად) წარმოჩენით მიზანმიმართულად ხერგავენ გზას თვითგამორკვევისკენ, თავისუფალი აზროვნებისკენ და განვითარებისკენ.

ბუნებითი გონის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი რელიგიაა. ისტორიას ახსოვს თეოკრატიული სახელმწიფოები, რომელთაც სრულად გადაუხვიეს მრწამსს. რელიგიური მოძღვრებების გაუაზრებელი მორჩილება, დაბალი ინტელექტი ადამიანს ფანატიკოსად აქცევს. ფანატიკოსების ბრბო კი მარტივად სამართავია. ე.ი შედეგად ვიღებთ ტირანიას ან ოხლოკრატიას (თუ დემოკრატიის სარჩულითაა დაფარული). პაპები საუკუნეების მანძილზე ვაჭრობდნენ ინდულგენციებით. რეფორმაციამდე მათი ძალაუფლება შეუზღუდავი იყო, ხალხი კი ბრმად მორჩილი. კანონი უსამართლო, მაგრამ უზენაესი, რომლითაც ხალხი კანონიერი უსამართლობის მსხვეპლი გახდა. დაუწერელი კანონი, რომლის ფორმირებაც მარტივადაა შესაძლებელი, როგორც ვხედავთ, საკმარისი ინტელექტისა და კულტურის განვითარების არ მქონე ინდივიდებით შექმნილ სოციუმს ან ანარქიისკენ მიაქანებს, ან ტირანიისკენ.

პრობლემა ისაა, რომ „ზნეობრივი კანონის“ ცნება ღიად ტოვებს მოქმედების საკითხს. არასანქცირებული სამართალი კი სრულყოფილად ვერ ჩაითვლება. პოზიტიური სამართალით მოსამართლე ვალდებულია განაჩენი გამოიტანოს, თუნდაც კანონით გათვალისწინებული სასჯელი მის მორალს ეწინააღმდეგებოდეს. კანონისა და სამართლის ანალოგია, რაც მოუწესრიგებელი დავებისთვის ერთ შემთხვევაში, ყველაზე მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის, მოერე შემთხვევაში, კი ზოგადი პრინციპების გამოყენებას გულისხმობს, გადაუჭრელი დავის არსებობას გამორიცხავს. ეს ცხადყოფს პრიორიტეტების არსებობას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ-მთავარია, დავა გადაიჭრას, თუნდაც სამართლიანობის უგუვებელყოფით, მაგრამ გადაიჭრას და შენარჩუნებულ იქნას სტაბილურობა.

პოზიტიურ და ბუნებით სამართალს მიზანი აერთიანებთ. ისინი არსებობენ, რათა გარკვეულ ღირებულებათა საფუძველზე მოაწესრიგონ ადამიანებს შორის არსებული ურთიერთობები. ორივე ნორმატიულია, იბრძვის მშვიდობისთვის, თუმცა სხვადასხვა მეთოდებითა და სხვადასხვა პრიორიტეტებით. პოზიტიური სამართალი ეთიკურ მინიმუმს ითავსებს, როცა ბუნებითი სამართალი მთლიანად მორალზეა დამყარებული. მორალზე, რომელიც მუდამ ცვალებადი და ინდივიდუალურია.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური სამართალი თავისი რადიკალური, იმპერატიული ხასიათით ისეთ მრავალაზრობრივ და ინდივიდუალურ ცნებას, როგორიც სამართალია სამართლიანობის ასპექტების მაქსიმალური დაცვით ერთ სისტემად აყალიბებს და მოქმედ სამართალად აქცევს, რომლის მიზანიც სახელმწიფოში სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნებაა. ამის გარეშე არაერთი დიდი სახელმწიფო ჩამოშლილა. ბუნებითი გონი მეტწილად ახლოა ადამინთა საკმაოდ პლურალისტურ მსოფლმხედველობებთან და შეიძლება ითქვას, ამითვე უსვამს ხაზს თავისსავე, როგორც მოქმედ სამართლად არსებობას. იგი მხოლოდ პოზიტიურ სამართალს უბიძგებს, სამართლიანობის რაც შეიძლება მაღალი მასშტაბი შეიხორცოს. ის ერთგვარი მედიატორის როლს ითავსებს პოზიტიურ სამართალსა და საზოგადოებას შორის. პოზიტივიზმი იძულებულია გაითვალისწინოს ბუნებითი გონის მოძღვრებები ნორმათა შექმნის პროცესში, რათა არ გახდეს ლეგიტიმური სახალხო პროტესტის მსხვერპლი.


ავტორი: საბა ბასილაძე


_______________________________________________________________________

ბიბლიოგრაფია:

გიორგი ხუბუა - „სამართლის თეორია“ 2015წ;

ივ. სურგულაძე., ქართული სამართლის ისტორიის წყაროები I. რედაქტორები: ვ.მეტრეველი, ნ.სურგულაძე. სააქციო საზოგადოება „პირველი სტამბა“. თბ., 2000

ვ.მეტრეველი და გ.დავითაშვილი. „პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია“. თბ. 1999 წ.

493 views0 comments

Recent Posts

See All

Commentaires


bottom of page