თანამედროვე საზოგადოების იდეა ეფუძნება თავისუფლების კონცეფციას, რომლის გააზრებაც და მიღწევაც შესაძლებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, ღირსების აღიარებითა და უზრუნველყოფით. [1]
სახელმწიფო და სამართალი გახლავთ სწორედ ის ორი ბერკეტი, რომელიც ემსახურება ადამიანის თავისუფლების იდეის სიცოცხლისუნარიანობასა და უზენაეს ფასეულობად გამოცხადებას. საკონსტიტუციო სამართალში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. კონსტიტუციის პრინციპები სახელმწიფოს მიუთითებს, თუ რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ მან უზენაესი მიზნის - თითოეული ადამიანის თავისუფლებისა და აღორძინების, კეთილდღეობის უზრუნველყოფას მიაღწიოს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს კონსტიტუციურ სამართალში. დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპთან ერთად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველია თავისუფალი და ღირსებადაცული ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილი სარგებლობის გზით მოახდინოს თვითრეალიზაცია. სამართლებრივი სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კანონიერების პრინციპი, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციისმე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში.
სამართლებრივი სახელმწიფო გამორიცხავს მიკერძოებულ და შეუზღუდავ ძალაუფლებას.[2] სწორედ კანონის უზენაესობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს არსებითობისპრინციპი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოსათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჯარო გადაწყვეტილება პარლამენტმა კანონის ფორმით უნდა მიიღოს.[3] კანონიუპირატესად აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედით ბოჭვას უზრუნველყოფს, ხოლო კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი ჩარჩოში საკანონმდებლო ხელისუფლებასაც აქცევს. ზოგადიპრინციპის თანახმად, პირს, რომელსაც სახელმწიფოს მიერ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, არ შეუძლია ის გადასცეს სხვას, თუ მასზე პირდაპირ არ არის გადაცემის უფლებამოსილება მინიჭებული.[4] ერთიშეხედვით, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე უფლებამოსილების დელეგირება ეწინააღმდეგება ,,delegates non potest delegare’’-სპრინციპს, მაგრამ აღნიშნული პრაგმატული თვალსაზრისით არის ნაკარნახევი.[5]
საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაში განიმარტა სადავო ნორმების შესაბამისობა უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციურ სტანდარტთან. უნდა აღინიშნოს, რომ 2020/21 წლები არაორდინალურია, რაც გამოიხატება მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციით. სწორედ აღნიშნული გახდა წინაპირობა ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ კანონის მიერ მთავრობისათვის იზოლაციისა და კარანტირინის წესების დადგენის უფლებამოსილების მინიჭებისა. საქართველოს მთავრობას მთელი რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა მიეცა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, სამართლებრივი თუ პოლიტიკური მიმართულებების ფუძემდებლურ პრინციპებს, გავლენას ახდენს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებზე ან/და მძიმე ფორმით ერევა ინდივიდის ძირითად უფლებებში, და ამგვარი საკითხები უნდა წესრიგდებოდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის მიერ. კონსტიტუციის მრავალ მუხლში ჩვენ ხშირად ამოვიკითხავთ ფრაზას, რომ უფლებათა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კანონის შესაბამისად, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი არ უნდა გავიგოთ ვიწროდ. აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს უფლება გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს პირის კონსტიტუციურ უფლებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონი კარგავს თავის საბაზისო, ფუნდამენტურ დატვირთვას. კანონქვემდებარე აქტი ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს კანონს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას, როდესაც იგი ითავსებს ,,საკანონმდებლო’’ ფუნქციას, უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ დელეგირებადაექვემდებარება მკაცრ კონსტიტუციურ კონტროლს. ზოგადად, კანონმდებლის მიერ უფლებამოსილების დელეგირება გამოიხატება წმინდა წყლის ტექნიკური, პროცედურული, სპეციფიკური და წვრილმანი საკითხების მოწესრიგების დათმობაში.[6]
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ამ დელეგირების ფარგლებში აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა არა პირთა გადაადგილებასთან, საკუთრების უფლებასა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით ყოველგვარი შეზღუდვის შემოღებისა და თავად ამ უფლებათა არსის განსაზღვრის უფლებამოსილება, არამედ განსაზღვრული მიზნების უზრუნველსაყოფად გარკვეული, დროებითი შეზღუდვების დადგენის კომპეტენცია. ამდენად, დელეგირებული უფლებამოსილებათა არსის, მათი ინტენსივობის და დროებითი ხასიათის გათვალისწინებით, სადავო ნორმებით არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკანონმდებლო უფლებამოსილების გადაცემა აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. სასამართლოს ამგვარი შეფასება არამართებულია. მთავრობას მიენიჭა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა იმგვარად, რომ სასამართლო და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმიც ე.წ. ex post ყურადღების მიღმა რჩებოდა. ძირითადი უფლებების ამ ინტენსივობით შეზღუდვა არ უნდა განიხილებოდეს პროცედურული ხასიათის საკითხად. პარლამენტმა, რეალურად, თავისი საკანონმდებლო ფუნქცია გადასცა მთავრობას და მთავრობა ე.წ. საკუთარი თავის კანონმდებლად მოგვევლინა.
რაც შეეხება, შეზღუდვის დროებითობას, ეს არ უნდა გახდეს გამამართლებელი საფუძველი კანონმდებლის კონსტიტუციურსამართლებრივი ქმედებისა. არავითარი მნიშნელობა არ აქვს არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას ექნება მუდმივი თუ დროში შეზღუდული ხასიათი. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მუდმივი ხასიათის შემთხვევაში უფრო მეტად დააზიანებს ადამიანის უფლებებს.[7] მიუხედავად იმისა, რომ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი’’ სახელდებით მიუთითებს თანაზომიერების ტესტის ელემენტებზე, მათ შორის არადისკრიმინაციულ შეზღუდვაზე, რაც, ერთი შეხედვით წონადი არგუმენტია შეზღუდვის გასამართლებლად, მაგრამ ეს მაინც არ ახდენს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის პრევენცირებას. ამ პრინციპის არსებობის მიზანი სწორედ ისაა, რომ ადამიანის უფლებები დაზღვეულ იქნას საჯარო ხელისუფლების არასამართლიანი და უკანონო ქმედებებისგან. მაშასადამე, მიუხედავად ზემოთქმული ჩანაწერისა, არ არის გარანტირებული ხელისუფლების თვითნებობისგან დაცვა.
აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური პრინციპები იმდენად ხელშეუხებელია, რომ იმ ფუნდამენტზე, რომელზეც ზოგადად დაფუძნებულია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, ვერანაირი დაუძლეველი ძალა თუ გადაულახავი წინააღმდეგობა ვერ უნდა მოქმედებდეს.
ნებისმიერ ვითარებაში სამართლის მიერ ხელისუფლების შებოჭვა მოითხოვს ინსტიტუციონალურ უზრუნველყოფას, ამიტომაც აუცილებელია, არსებობდეს ინსტანცია, რომელიც გააკონტროლებს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვას.[8] ასეთიინსტანცია კი დამოუკიდებელი სასამართლოა. სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმთან ერთად, არის ის უმთავრესი ფუნდამენტი, რომელსაც სასამართლოსათვის მოაქვს ავტორიტეტი, პატივისცემა,[9]ასევე, განაპირობებს მოქალაქეთა ნდობას მათი სამართლიანობისა და ობიექტურობის მიმართ.
საბოლოო ჯამში, სამართლებრივი სახელმწიფოს წარმოშობა მჭიდროდაა დაკავშირებული დემოკრატიის პრინციპთან. სამართლებრივი სახელმწიფოს წარმოსაშობად, უპირველეს ყოვლისა, ხალხს უნდა შეეძლოს, განჭვრიტოს, თუ ვის უნდა გადასცეს თავისი სახელისუფლებო მანდატი. ხელისუფლება სამართლით უნდა შეიბოჭოს. კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპები ვერასოდეს გახდება უგულებელყოფის საგანი. საკითხის ,,ეფექტიანი’’ გადაწყვეტის მოტივით დაუშვებელია კონსტიტუციური ანომალიის შექმნა.
ავტორი: ანუკი გელაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი
_____________________________________________________________________________
გამოყენებული ლიტერატურა
1) გ. ხუბუა, სამართლის თეორია, მეორე გამოცემა, თბილისი, 2015 წელი.
2) ვ.გონაშვილი, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, ი.კახიძე, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2020 წელი.
[1]ვ.გონაშვილი,ქ.ერემაძე,გ.თევდორაშვილი,გ.კახიანი,გ.კვერენჩხილაძე,ნ.ჭიღლაძე,შესავალი საკონსტიტუციო სამართალში. თბილისი, 2016 წელი. გვ.15 [2] ვ.გონაშვილი,გ.თევდორაშვილი,გ.კახიანი,ი.კახიძე,გ.კვერენჩხილაძე,ნ.ჭიღლაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი. თბილისი, 2020 წელი. გვ.39 [3] ი.კობახიძე,კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2019 წელი,გვ.54 [4] პ. ტურავა, ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, თბილისი 2018 წელი. გვ. 164. [5] ნინო კილასონია, ადმინისტრაციულნორმაშემოქმედებაშიხალხის მონაწილეობის არაფორმალური და ფორმალური პროცედურებიდა მათი სასამართლო კონტროლი, სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, 2016 წელი. გვ. 5. [6] პ. ტურავა, ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, თბილისი 2018 წელი. გვ. 165. [7] სსს გადაწყვეტილება №1/1/1505,1515,1516,1529, 11 თებერვალი 2021, ,, პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაიასაქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობისწინააღმდეგ’’, მოსამართლე გ.კვერენჩხილაძის განსხვავებულიაზრი. [8] გ. ხუბუა, სამართლის თეორია, მეორე გამოცემა, 2015 წელი, გვ.118 [9] იქვე,გვ.93
Comments